კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ომის შემდგომი არშემდგარი რეაბილიტაცია / აფხაზეთ-საქართველოს ურთიერთობა ნორმალიზებისაგან ჯერ კიდევ შორს არის 24.12.2019 13:41

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

 

"Независимая газета" (რუსეთი), 24 დეკემბერი, 2019 წელი


ომის შემდგომი არშემდგარი რეაბილიტაცია // აფხაზეთ-საქართველოს ურთიერთობა ნორმალიზებისაგან ჯერ კიდევ შორს არის

 

სტატიაში, რომლის ავტორია ნათელა აქაბა - აფხაზი პოლიტოლოგი, ისტორიკოსი, აფხაზეთის რესპუბლიკის ინფორმაციის ყოფილი მინისტრი და აფხაზეთის უზენაესი საბჭოს - პარლამენტის ყოფილი დეპუტატი - გადმოცემულია აფხაზური მხარის პოზიცია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით. პუბლიკაციაში გამოთქმულია საყვედური როგორც ქართული მხარის მიმართ, ასევე ჟენევის კონსულტაციების დასავლელი მონაწილეების - შუამავლების მიმართაც, რომლებიც მხოლოდ საქართველოს პოზიციას იზიარებენ, აფხაზეთისა და რუსეთის თვალსაზრისს კი იგნორირებენ.

 

გთავაზობთ მასალის სრულ ტექსტს:

 

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის „ცხელი“ (შეიარაღებული) ფაზის დასრულებიდან უკვე 26 წელი გავიდა, საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობის ნორმალიზებაზე ლაპარაკი ჯერ-ჯერობით ნაადრევია. ის, რომ ოფიციალურ თბილისს კატეგორიულად არ სურს ხელი მოაწეროს შეთანხმებას სამხედრო მოქმედების არგანახლების თაობაზე, ძირითად დაბრკოლებას წარმოადგენს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად. ცხადია, ასეთი შეთანხმების მნიშვნელოვანი ელემენტი უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები უნდა იყოს, მაგრამ რადგანაც საერთაშორისო შუამავლები ერთგულნი არიან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის პრინციპისა და მხარს უჭერენ ქართულ ვერსიას - თითქოსდა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებს წარმოადგენენო, ეს ფაქტი იმას მოწმობს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ნაწილს კონფლიქტის მხარეების მიმართ მიკერძოებულ მიდგომა აქვს.

 

დღეისათვის აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის დიალოგისათვის ერთადერთ ადგილს ჟენევა წარმოადგენს, სადაც ამიერკავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიზნით დისკუსიები მიმდინარეობს - 2008 წლის ოქტომბრიდან, სამხრეთ ოსეთში აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, რუსეთისა და საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტების - დიმიტრი მედვედევისა და ნიკოლა სარკოზის მოლაპარაკების შედეგად. ჟენევის დისკუსიის მონაწილეები არიან რუსეთის, აშშ-ის, აგრეთვე გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ საერთაშორისო სტრუქტურებმა ნეიტრალური შუამავლების ფუნქციების შესრულება ვერ შეძლეს. აშკარაა, რომ დასავლეთი ქართველი პოლიტიკოსების პოზიციას იზიარებს, რაც ჟენევის დისკუსიებს უშედეგოს ხდის.

 

დამოუკიდებელი აფხაზეთის მოქალაქეები გრძნობენ და განიცდიან მათ მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების ძალზე არაობიექტურ და უსამართლო დამოკიდებულებას. ასე, მაგალითად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არაერთხელ მიიღო რეზოლუციები, რომელშიც აფხაზეთი ფიგურირებს როგორც საქართველოს ტერიტორია, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ამით ასამბლეა უარს უცხადებს აფხაზეთის ხალხს, რომ ჰქონდეს უფლება საკუთარი ბედი თვითონ განსაზღვროს. აფხაზეთში ჩატარებული ყოველი არჩევნების შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჯიუტად და შეუპოვრად აკეთებს განცხადებებს, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობს. როგორც ჩანს, ასამბლეოს წევრთა უმრავლესობა უფრო კმაყოფილი იქნებოდა იმით, რომ აფხაზეთს ტომთა ბელადები მართავდნენ და არა დემოკრატიული პროცედურებით არჩეული ლეგიტიმური პრეზიდენტები.

 

ანალოგიურ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2019 წლის 6 ივლისის რეზოლუციაც, რომელიც გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე და ითხოვს ამ აღიარების უკან გაწვევას. რეზოლუციამ ძალიან ნეგატიური რეაქცია გამოიწვია როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთშიც. აფხაზეთის სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტი ამ საერთაშორისო ინსტიტუტის საერთაშორისო ანგაჟირებად შეაფასეს, ანუ იმ ორგანიზაციისა, რომელიც მოვლენებს არაობიექტურად და შაბლონურად განიხილავს. თავიანთ განცხადებაში სამოქალაქო აქტივისტებმა აღნიშნეს: „რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების „ანექსიად“ და „ოკუპაციად“ წარმოდგენა არა მხოლოდ ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრინციპებს, არამედ ამახინჯებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ზოგიერთი ქვეყნის გეოპოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ. სიტუაციის პროქართული ინტერპრეტაციით ფაქტიურად ეხსნება პასუხისმგებლობა საქართველოს, რომელმაც 1992 წელს ომი დაიწყო აფხაზეთის წინააღმდეგ. საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს აგრესიისათვის შეფასება არ მიუცია. 13-თვიანი ომის შედეგად აფხაზეთმა ფაქტიური დამოუკიდებლობა მოიპოვა, რაც იურიდიულად გაფორმდა 1999 წლის რეფერენდუმის შედეგებით. რაც შეეხება რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, ის მხოლოდ 2008 წლის სექტემბერში მოხდა, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიმართული საქართველოს აგრესიის შემდეგ“.

 

გვიწევს იმის კონსტატაცია, რომ საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთის მოსახლეობის აზრისა და მოთხოვნების იგნორირებას ახდენს. დასავლეთის რიგი ქვეყნების მიერ აფხაზეთის წინააღმდეგ მიმართული სერიოზული დაბრკოლებები, მათი უსიტყვო მხარდაჭერა საქართველოსათვის, რაც ხელს უშლის აფხაზეთის მოსახლეობას - ჰქონდეს კავშირი გარე სამყაროსთან, აფხაზეთში საერთაშორისო ინსტიტუტებისა და შუამავალი ქვეყნების მხრიდან გამოვლენილ დისკრიმინაციად და მიკერძოებულ მოქმედებად აღიქმება. კერძოდ, აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთის პასპორტები აქვთ, როგორც წესი, შენგენის ზონის ვიზებს არ აძლევენ იმ მიზეზით, რომ პასპორტები აფხაზეთში არსებული რუსეთის საელჩოს მიერ არის გაცემული, რომლის არსებობას დასავლეთის ქვეყნები არ ცნობენ. ასევე დახურულია აფხაზი დიპლომატებისათვის გაერო, ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო სტრუქტურები, რის შედეგადაც აფხაზეთს არ ექმნება შესაძლებლობა თავისი პოზიციის წარმოსაჩენად ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ბუნებასა და მის შედეგებზე, აგრეთვე მისი შესაძლო დარეგულირების გზებზე.

 

ეს ყველაფერი გვაძლევს ნებას გავაკეთოთ დასკვნა, რომ ევროკავშირი, ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ხელიდან უშვებენ ისტორიულ შანსს შეასრულონ წამყვანი როლი სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების დარეგულირების საქმეში. იმის ნაცვლად, რომ მათ საქართველო დაარწმუნონ იმაში, რომ საჭიროა პრაგმატული და დაბალანსებული მიდგომა ქართულ-აფხაზური დიალოგის ასაწყობად, დასავლელი შუამავლები ფაქტიურად ქართული პოლიტიკური ელიტის პოზიციას იზიარებენ. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ დასავლელ დამოუკიდებელ ექსპერტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც შედარებით უფრო ობიექტურ ინფორმაციებს ფლობენ ქართულ-აფხაზური დაპირისპირების ისტორიისა და მისი შედეგების თაობაზე, რომლებიც კარგად იცნობენ კონფლიქტის ორივე მხარეს არსებულ დღევანდელ სიტუაციას და უკეთესად აცნობიერებენ პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების შესაძლებლობებს და პერსპექტივას. მაგრამ დასავლელი ოფიციალური შუამავლები გადაწყვეტილებების მიღებისას დამოუკიდებელი ექსპერტების თვალსაზრისს არ ითვალისწინებენ.

 

მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს გარკვეული გამოცდილება პოსტკონფლიქტური ქვეყნების მოსახლეობის ომისშემდგომი რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს დაზარალებული რაიონების ეკონომიკურ აღდგენას, აგრეთვე ექს-კომბატანტებისა და ომით გატანჯული მშვიდობიანი მოსახლეობის ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ომით პატარა აფხაზური საზოგადოება უფრო მეტად დაზარალდა, აფხაზეთზე კვლავ გრძელდება პოლიტიკურ-ეკონომიკური ზეწოლა საქართველოსა და მისი დასავლელი მოკავშირეების მხრიდან. ასეთი სტრატეგია აფხაზურ საზოგადოებას უძლიერებს და უმყარებს უსამართლობის შეგრძნებას და აღრმავებს აფხაზების უნდობლობას როგორც კონფლიქტის მოპირდაპირე მხარის მიმართ, ასევე მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართაც.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ


------------
წყარო: http://www.ng.ru/ideas/2019-12-23/7_7759_abkhazia.html

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ