ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმარი, დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს 20.10.2026 17:05

 

კლინიკა „ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმარი, დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს.

მისი განცხადებით,  დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით გაწერეს N18 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც ციხის სამკურნალო დაწესებულებაა.

„დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში" 21:00 საათზე შემოიყვანეს. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, დაზიანებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას პენიტენციურ დაწესებულებაში მოგაწვდიან. დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით გადაყვანილი იყო N18 პენიტენციურ დაწესებულებაში", - აღნიშნა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, ადვოკატის ინფორმაციით, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულეები, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (იგივე „კაწრო"), შოთა ყიფიანი, კაჭარავა და გოცირიძე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ე.წ. კრიმინალურ წრეებთან დაახლოებულ პირს, ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილს. შედეგად ფეიქრიშვილს დაზიანებები, მათ შორის მოტეხილობები აქვს. ასევე, ადვოკატის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც აღნიშნული დაპირისპირება მოხდა, „ძმის სიცოცხლის გადასარჩენად" ვენები გადაიჭრა გიორგი ფეიქრიშვილმა, რომელიც ასევე გლდანის ციხეში, ოღონდ სხვა საკანში ზის.

„დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სავალალო - ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები და სისხლნაჟღენთები აქვს. მისი გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა (იგივე „კაწრო"), შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. [ძმას] გოგა ფეიქრიშვილსაც აქვს დაზიანება, გუშინ ვენები გადაიჭრა", - განაცხადა ფეიქრიშვილების ადვოკატმა, პაატა გოგიაშვილმა „ფორმულასთან" საუბარში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, თბილისში, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავება ძალადობას და გამოძალვას უკავშირდება. რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს (ე.წ.კაწრო), მათი დაკავება 2026 წლის 15 ოქტომბერს მოხდა. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ