12.12.2019 20:27
11 დეკემბერს, „ჯორჯიან თაიმსში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი - დავით თევზაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას ქართულ ჯართან დაკავშირებით და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ბატონმა დავითმა იქვე გამოაქვეყნა სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემები, სადაც წარმოდგენილი იყო 172 ქვეყნის კონკრეტული მაჩვენებლები.
მე, როგორც მორიგე რედაქტორმა, საინტერესო პოზიცია, ფეის-მედიის ეგიდით, ვაქციე ნიუსად და მიმაგრებულ ბმულში მოცემული მაჩვენებლები გამოვიტანე სათაურად, ისე, რომ არ მიმითითებია, რომ ეს არ იყო დავით თევზაძის ფრაზა. ნიუსის სათაური ასეთი იყო: „მსოფლიოს 172 ქვეყანას შორის: სომხეთიარის მე-7 ადგილზე, აზერბაიჯანიმე-10 ადგილზე და საქართველო 58-ზე". ამასთან ერთად, ეს რიგითობა აღნიშნავდა მხოლოდ ანბანურ თანმიმდევრობას და არა - ადგილებს.
დღეს, ამასთან დაკავშირებით დავით თევზაძემ გააკეთა განცხადება: „ის, რომ "მსოფლიოს 172 ქვეყანას შორის: სომხეთი არის მე-7 ადგილზე, აზერბაიჯანი მე-10 ადგილზე და საქართველო 58-ზე" მე არ დამიწერია და თქვენ მიამატეთ და ეს უნდა გეთქვათ. სომხეთი არ არის მე-7 ადგილზე და არც აზერბაიჯანია მე-10 და ნუმერაცია ადგილებს კი არ უთითებს, არამედ, ანბანურად დალაგებული სახელმწიფოების რიგობით ნომერს. არმიათა რანგირების ინდექსი კიდევ სხვაა. ჩემს მოწოდებულ ინფორმაციაში არმიათა დაკომპლექტების მაჩვენებლებია მხოლოდ მათი რაოდენობის მიხედვით რანგირების გარეშე.“
ამ შეცდომის გამო ბოდიშს ვუხდი ბატონ დავითს და „ჯორჯიან თაიმსის“ მკითხველს.
პატივისცემით, მანანა მაზიაშვილი
აქვე გთავაზობთ დავით თევზაძის პოსტს და ბმულს, სადაც წარმოდგენილია სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემები:
„ამბობენ, ყველა ნათქვამს გამგები ჭირდებაო. მათთვის, ვისთვისაც გაუგებარია ქ-ნი პრეზიდენტის ნათქვამი, ყურადღებით გაეცანით სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ისტიტუტის [(IISS), ბრიტანეთი] მონაცემებს და ადვილად დარწმუნდებით, რომ "რაღაც დალპა დანიის სამეფოში". ..
P.S. გულზე მჯიღის ცემა მათგან, ვისთვისაც საქართველოსთვის ომი, ან სულაც ჯარში სამსახური მხოლოდ აბსტრაქციაა და ერთ დღეს ვინ ჩივის, ერთი საათი არ უმსახურიათ არსად, საერთოდაც მიუღებლად მიმაჩნია. დაოკდით ბატონებო, ჯარი გაწუხებთ? წაბრძანდით, იმსახურეთ... ვიცი, ბევრს არ მოგეწონებათ, რაც ვთქვი... არც მე არ მომწონს, როდესაც ქვეყნის შიგნით ღობეებს მივლებენ, ანდა სხვა ქვეყნის მესაზღვრეები ჩემს თანამოქალაქეებს ესვრიან...
P.S. ძალიანაც რომ არ დაიბნეთ, ნახეთ აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო....“
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge