18.09.2026 19:02
„მართლაც შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს კაცობრიობის განადგურება? ექსპერტები რისკებზე საუბრობენ“, - ასეთი სათაური აქვს ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) 16 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორები არიან რობერტ ბუტი, დენ მილმო და აიშა დუენი. პუბლიკაციაში ხელოვნური ინტელექტის მოწინააღმდეგე მკვლევარებისა და პოლიტიკოსების ბოლოდროინდელი განცხადებების (არგუმენტების) ფონზე, განიხილება მომხრეთა კონტრარგუმენტებიც.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
ბოლო დღეებში ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ რამდენიმე შოკისმომგვრელი განცხადება გამოქვეყნდა, რომელთა თანახმად, კაცობრიობის დაღუპვის შესაძლებლობამ 10%-ს გადააჭარბა, ხელოვნური ინტელექტი ბირთვულ იარაღზე უარესია და რომ ე.წ. „ბოტნეტები“ (ვირუსების გამშვები კომპიუტერები) მთელ ინტერნეტს წალეკვით ემუქრებიან. გაჩნდა თვალსაზრისი, რომ ეს ყველაფერი უდიდეს ტექნიკურ პრობლემას წარმოადგენს.
განვიხილოთ რამდენიმე განცხადება და მათზე რეაქციები (კომენტარები).
ა) „6-12 თვის შემდეგ... „ბოტნეტების“ გუნდი ინტერნეტს დაიპყრობს, რომლისგან გამოწვეული პოტენციური ზარალი ასობით მილიარდ დოლარს მიაღწევს“ (დარიო ამოდეი, კომპანია Anthropic-ის აღმასრულებელი დირექტორი, 12 სექტემბერი, 2026 წელი).
კომენტარი: ჰერი მარკუსის - ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი მკვლევარის აზრით, დარიო ამოდეის შეშფოთებაში არის ჭეშმარიტების გარკვეული მარცვალი და მისი მთლიანად უარყოფა არ შეიძლება, მაგრამ მასში მაინც არის საეჭვო მომენტები: „უაზრობაა იმის თქმა, რომ მთელი ინტერნეტი მოწყვლადია. თუ მსგავსი რამ მოხდება, ამაში ხელოვნური ინტელექტი კი არ იქნება დამნაშავე, არამედ თვითონ კომპიუტერული ლაბორატორიების თანამშრომლები, რომლებიც უყურადღებობას გამოიჩენენ. საერთოდ, ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ბრიტანული ინსტიტუტის მონაცემებით, ყველაზე თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტს, სახელად „მითოსს“ (Mythos) მხოლოდ მცირერიცხოვანი სუსტად დაცული და მოწყვლადი სისტემების დაზიანება შეუძლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ვებ-გვერდები, რომლებიც დაცულნი არ არიან, დაზიანდებიან, მაგრამ ინტერნეტს ამით არაფერი არ დაემართება“.
ალან ვუდვორდის, სურეის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრის პროფესორის თქმით, „ბოტნეტი“, როგორც წესი, თავისთავად არ მოქმედებს. ხელოვნური ინტელექტი თვითნებურად სხვა სისტემების განადგურებას არ შეეცდება, თუ ამას ხელს თვითონ ადამიანი არ შეუწყობს. ანუ მე მინდა ვთქვა, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ადამიანებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით - როგორც ინსტრუმენტით - მანიპულირებენ. სწორედ ის ადამიანები უნდა გაკონტროლდნენ და თუ რამე მოხდება, სწორედ ისინი იქნებიან პასუხისმგებლები და არა ხელოვნური ინტელექტი“.
ბ) „კომპანიის თანამშრომლები დარწმუნებულნი ვართ, რომ ხელოვნურ ინტელექტს ყველა ადამიანის განადგურება შეუძლია! პირადად მე ვთვლი, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ამის ალბათობა უკვე 10%-ს გადააჭარბებს. (ევან ჰაბინგერი, კომპანია Anthropic-ის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, 9 სექტემბერი, 2026 წელი).
კომენტარი: ეს განცხადება ემყარება იმ თეორიულ წინამძღვრებს, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ადამიანის კონტროლიდან გამოვიდეს და მასობრივი მოსპობის იარაღი აამოქმედოს, ან მწყობრიდან გამოიყვანოს მსოფლიო საფინანსო სისტემა.
ჰეიდი ხლაფის, ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრის (AI Now Institute) მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თქმით, იგი სკეპტიკურად უყურებს იმ მეცნიერებს, რომლებიც ეგზისტენციალური სცენარების შესაძლებლობას პროცენტობით ზომავენ: „ასეთ ნათქვამს პრაქტიკულად ვერც დაადასტურებ და ვერც უარყოფ, რეალურად ვერ შეამოწმებ, რაც მას არამეცნიერულს ხდის თავისი ბუნებით. თეორია ყოველთვის არ რეალიზდება პრაქტიკაში. იმის კონკრეტული მაგალითების უკმარისობა, რომ ზეგონივრულ ხელოვნურ ინტელექტს კაცობრიობის მოსპობა შეუძლია, დიდ გაურკვევლობას ქმნის. საფრთხის შანსების პროცენტული დონის გამოთვლა, თუნდაც ცდომილებით, სწორი არ იქნება. თუ თქვენ მტკიცებულებების წარმოდგენა არ შეგიძლიათ და კაცობრიობის დაღუპვის პროგნოზებს მაინც აკეთებთ, ეს არამეცნიერული პროგნოზი იქნება“.
გ) „ეს განცხადება - „ფსიქოლოგიური ოპერაცია“ (სხვა ტერმინს ვერ ვუძებნი) დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. მან იმ ასანთის როლი შეასრულა, რომელმაც ხანძარი გააჩინა და ყველა დააინტერესა. ვფიქრობ, მთავრობა სიტუაციის კონტროლს შეძლებს“ (ილონ მასკი, კომპანია SpaceX-ის გენერალური დირექტორი და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი. 10 სექტემბერი, 2026 წელი).
კომენტარი: ილონ მასკის ნათქვამში „ფსიქოლოგიური ოპერაცია“ ნაგულისხმევია ის, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებით დაკავებული მსხვილი კომპანიები მოუწოდებენ მთავრობას უფრო მკაცრად იქნას გაკონტროლებული მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება.
ვიცე-პრეზიდენტის ჯეიმს ვენსის თქმით, მისთვის საკმაოდ უცნაური და გაუგებარია ის განცხადება, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებით დაკავებული კომპანიები მთავრობას სთხოვენ, „გაგვაკონტროლეთ და შეგვზღუდეთ, ჩვენი საქმიანობა დაარეგულირეთო“. მათი განცხადება ნიშნავს, რომ მთავრობამ კომპანიებს „ტროას ცხენი“ უნდა შეუგზავნოს“. ეს საკმაოდ დიდი თანხებს მოითხოვს.
ჯეიმს ვენსის პოზიციას ეთანხმება კანადელი მეცნიერი იოშუა ბენგიო, რომლის თქმით, კომპანიების მოწოდება საქმიანობის შეზღუდვის თაობაზე გულწრფელი არ არის და უფრო ლობირების მცდელობას წარმოადგენს, რომ პერსპექტივაში მათ მიერ დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლობა მთავრობამ აიღოს: „თუ მთავრობა იკისრებს იმას, რასაც ისინი ითხოვენ, ანუ კატასტროფის რისკების თავიდან აცილების ზომებს, ეს ფინანსური თვალსაზრისით ძალიან ძვირი იქნება“.
დ) „ზეგონიერი ხელოვნური ინტელექტი საფრთხეს წარმოადგენს და სულ უფრო ყველაზე უფრო მეტი მასშტაბით, განსაკუთრებით ბირთვულ იარაღთან მიმართებით“ (დეს ბრაუნი, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ექს-მინისტრი, 7 სექტემბერი, 2026 წელი).
კომენტარი: „სამწუხაროდ, ყოფილი მინისტრი მართალია“, - ამბობს ტობი ორდი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის მართვის შემსწავლელი ცენტრის თანამშრომელი, - „ისევე როგორც ჩვენ თავის დროზე უარი არ ვთქვით ატომური ბომბის შექმნაზე, ასევე ვერ ვიტყვით უარს ისეთ ხელოვნური ინტელექტის ისეთი სისტემის შექმნაზე, რომელიც გონიერებით ადამიანს გადააჭარბებს. უკანდახევა პრაქტიკულად შეუძლებელია... მაგრამ ამჟამად მთავარი ისაა, რომ ზეგონიერი ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდევ არ არსებობს და არც მისი შექმნა არ არის გარანტირებული. პროგნოზების მიხედვით, „ზეგონიერი ანდროიდი“ შესაძლოა მხოლოდ 2035 წლისათვის გამოჩნდეს“.
ამერიკული კორპორაცია Rand-ის დასკვნით, ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება იმ უმკაცრესი აკრძალვის გამო, რომელიც სარდლობისა და კონტროლის სისტემის პროგრამაში არის ჩადებული. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: მიანდობს თუ არა ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს ბირთვული იარაღის კონტროლს?
გავიხსენოთ გასული წლის დეკემბერში გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია, რომლის თანახმად, ბირთვული იარაღის კონტროლის სისტემას უშუალოდ ადამიანი უნდა ხელმძღვანელობდეს, მისი ზედამხედველი ადამიანი უნდა იყოს და ხელოვნური ინტელექტით სარგებლობა დაუშვებელია.
თუმცა, რასაკვირველია, ირიბი საფრთხეები მართლაც არსებობს: ხელოვნური ინტელექტს შეუძლია დეზინფორმაციის გავრცელება და ამით ზეგავლების მოხდენა იმ პასუხისმგებელ პირებზე, რომლებიც ბირთვულ იარაღს აკონტროლებენ. მაგალითად, ყალბი ინფორმაციის შექმნა, რომ მოწინააღმდეგე ბირთვული დარტყმის მიყენებისთვის ემზადება.
ე) „თუ [ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესების რბოლაში] ჩინეთი გაიმარჯვებს, „ზეგ“ უკვე აღარ იარსებებს. [პეკინმა] ხელოვნური ინტელექტის სფეროში რომ გაგვასწროს, სხვას უკვე არაფერს აღარ ექნება მნიშვნელობა“ (სკოტ ბესენტი, აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, 2026 წლის 8 სექტემბერი).
კომენტარი: აშშ და ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის განვითარების სფეროში, რა თქმა უნდა, უეჭველ ლიდერებს წარმოადგენენ. არსებობს აზრი, რომ თუ ვაშინგტონი პეკინს პირველობას დაუთმობს, ეს გამოუსწორებელი შეცდომის დაშვება იქნებოდა. შესაბამისად, ამ დარგში არავითარი ჩამორჩენა არ უნდა მოხდეს. ასეთ სიტუაციაში ხელოვნური ინტელექტი განიხილება როგორც სუპერ-იარაღი, რაც ექვივალენტიურია ბირთვული იარაღის დაგროვებისა „ცივი ომის“ დროს. სხვანაირად თუ ვიტყვით, ხელოვნური ინტელექტი განიხილება როგორც მასობრივი მოსპობის მანქანები და არა როგორც ადამიანისათვის კეთილდღეობის შემქმნელი ტექნოლოგია.
ზოგიერთი ანონიმური ექსპერტის აზრით, ჩინეთის ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში აშშ-სათვის და საერთოდ, მსოფლიოსათვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს. თვითონ ჩინეთის ოფიციალური წარმომადგენელიც გმობს ისეთ განცხადებებს, რომლებიც „ნერგავს შიშს, აღვივებს კონფრონტაციას და არღვევს ხელოვნური ინტელექტისადმი საერთაშორისო კონტროლს“. მსგავსი მოქმედება არავის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.
ავტორ(ებ)ი :