13.12.2019 11:59
ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
"ის, რაც პარლამენტში მოხდა, ბუნებრივი გაგრძელება იყო იმ ისტერიისა, რასაც განსაკუთრებით ბოლო ერთი წელია, და არა მხოლოდ გავრილოვის სკამიდან დაწყებული, ნაციონალური მოძრაობა და მასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ოპოზიციური პარტიები და ინტერესთა ჯგუფები, მათ შორის ექსპერტები და ასო-ები ახორციელებენ. ამ ისტერიული ფონის ქვაკუთხედი კი არის დაქვემდებარებული მედია საშუალებების გამოყენებით ისეთი დღის წესრიგის შექმნა, როდესაც ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერი პოზიტიური ამბის ან მოვლენის მიჩქმალვა და სხვა თემებით გადაფარვა ხდება. ამის კლასიკურ ნიმუშად, ბოლო პერიოდში თუნდაც სამხრეთის ენერგეტიკული დერეფანის პროექტზე (TANAP) ხელმოწერის და მისი მნიშვნელობის ისე წარმოჩენა იყო თითქოს ერთი უმნიშვნელო რამ მომხდარიყო. როგორც წესი ასეთ თემებად სპეციალურად ხდება მეორეხარისხოვანი თემების ხელოვნური აქტუალიზაცია და ცალკეული ნეგატიური მოვლენების, ვთქვათ კორუფციის ან გაჭირვებული ადამიანის პრობლემის ჰიპერბოლიზაცია და სისტემურ პრობლემად წარმოსახვა, ისეთი რეალობის წარმოჩენით, სადაც ყველაფერი არის ცუდად. თითქოს ცალკეული ნეგატიური მოვლენები სხვაგან არ ხდებოდეს. ნიშანდობლივია, რომ მათი ლექსიკაც და მესიჯ ბოქსებიც კი იდენტურია, ყოველგვარი არგუმენტების და დასაბუთების გარეშე მუდვივად ხდება ხაზგასმა, ხელისუფლების "პრორუსულობაზე", ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის "ჭაობთან" ასოცირებაზე, ეკონომიკის "გაჩერებაზე", ადამიანების "გამათხოვრებულ" მდგომარეობაზე ან ქვეყნის კლანური პრინციპით მართვაზე და ა.შ.
ქართული ოპოზიციის დღის წესრიგიც თავისი არსით შეიძლება შეფასდეს როგორც ტოქსიკური, აგებული სიცრუის ტირაჟირებაზე და დემაგოგიის ფართოდ გამოყენებაზე. ქართულ ოპოფლანგის უდიდეს ნაწილსაც, თავიანთი ლიდერშიპის მეთაურობით, ზედსახელად პირობითად სწორედ "ტოქსიკური ოპოზიცია" უფრო შეეფერება. სხვა რა შეიძლება ეწოდოს თუნდაც დღეს პარლამენტში ჰიპერ ალერგიული სითხის დაღვრის პოლიტიკურ პერფომანსად წარმოჩენას, რაც თავისი მკვეთრი არომატით ორგანიზმზე ტოქსიკურ ზეგავლენას იწვევს, ხოლო განსაკუთრებით ალერგიული ადამიანებისათვის სულაც ფატალური შედეგით შეიძლება დასრულდეს.
დიდწილად ამიტომაც არის, რომ მათ ვერ შეძლეს ვერც დაქვემდებარებული ტელესივრცის ბადის და, ვერც უკრაინაში გადახვეწილი ექს პრეზიდენტის ფაქტორის გამოყენებით, ამ მანიაკალურ მეინსტრიმზე აგებული პროტესტის გაფართოება და ბოლო სამკვირიანი აშკარად აგრესიულ პიკეტირებაზე ორიენტირებული პროტესტით მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანის, ისიც ძირითადად საკუთარი პარტაქტივის მოცემულობაში ჩარჩნენ.
ქართველი ხალხი კი მართლა ბრძენია, მიუხედავად არსებული პრობლემებისა და სიძნელეებისა, ზოგჯერ გაუმართლებელი და არასწორი გადაწყვეტილებებისა, იმასაც კარგად ხედავს თუ რა პოზიტიური ცვლილებები ხდება ქვეყანაში. იმ პერსპექტივასაც რაც არა რევოლუციური, არამედ მხოლოდ ქვეყნის ევოლუციური განვითარებით იქნება შესაძლებელი." - წერს ცუცქირიძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge