კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
„ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვის უარყოფითი სალდოს შემცირება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ დადებით ტენდენციებს, რაც ქვეყნის ეკონომიკაში, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში მიმდინარეობს“ 13.12.2019 21:13

გიორგი ცუცქირიძის ბლოგი:

 

საგარეო-სავაჭრო ბრუნვა ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების თავისებური ანარეკლია. 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ წინასწარი მონაცემებით, 11 504.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები იმითაც არის საინტერესო, რომ თუ თუნდაც შარშან მთლიან სავაჭრო ბრუნვაში, რაც პირველი თერთმეტი თვის მიხედვით 11, 341 მლრდ აშშ დოლარი იყო, უარყოფითი სავაჭრო სალდო ანუ ექსპორტ-იმპორტის სხვაობა თანხობრივად -5, 288 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო პროცენტულად მთლიან ბრუნვაში მისი მაჩვენებელი 46, 6 % იყო, მიმდინარე წლის პირველი თერთმეტი თვის მიხედვით უარყოფითი სალდოს მაჩვენებელი -4, 741 მლრდ აშშ დოლარია, ხოლო პროცენტულად მთლიან ბრუნვაში გასულ წელთან შედარებით მთელი 5.4 % -ით არის შემცირებული და 41, 2 % შეადგენს. თანხობრივად კი უარყოფითი სავაჭრო სალდო შემცირებულია 547 მლნ აშშ დოლარით, სავაჭრო ბრუნვის გაზრდილი მოცულობის პირობებში.

 

ნიშანდობლივია, რომ ქვეყნის სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება გამოწვეულია წმინდა ექსპორტის ანუ ექსპორტის ზრდის ტემპების იმპორტის ზრდასთან შედარებით ზრდის დადებითი ტენდენციით. გაზრდილი სავაჭრო ბრუნვის პირობებში, სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 3 381.4 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც გასულ წელთან შედარებით 11.7 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი 8 122.6 მლნ. აშშ დოლარია და 2.3 პროცენტით ნაკლებია. წმინდა ექსპორტის ზრდა პირველ რიგში დადებითად აისახება მშპ-ის ზრდის მაჩვენებელზე, რომელმაც ოქტომბერში 5.7 % შეადგინა, ხოლო სავაჭრო სალდოს შემცირება ნახევარი მილიარდი აშშ დოლარით, ასევე პოზიტიურად აისახა კიდეც ლარის გამყარების მიმდინარე ტენდენციაზე, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ფაქტორი.

 

ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვის უარყოფითი სალდოს შემცირება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ დადებით ტენდენციებს, რაც ქვეყნის ეკონომიკაში განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მიმდინარეობს და შემთხვევითი არ არის ის გარემოებაც, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან ყველა წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ მოხდა ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება, რომლის შეფასების ერთ-ერთ ფაქტორადაც მაკროეკონომიკურ სტაბილურობასთან ერთად საგარეო მოწყვლადობის დონის შემცირება მიიჩნევა.

 

აქვე შევნიშნავ, რომ სწორედ ამ რეიტინგებზე აგებენ გრძელვადიან გათვლებს დიდწილად უცხოელი ინვესტორები, და შემთხვევითი არც ის გარემოებაა, რომ ექსპორტის ზრდის ისედაც დადებით ტენდენციას დაემატა მესამე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინვესტიციების 14 % იანი ზრდა, რაც მეორე კვარტალთან შედარებით, სულაც გაორმაგებულია და 417 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც ნიშანდობლივია, ინვესტიციების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეინვესტირების მაჩვენებელმა, რაც გასული სამი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო გასული წლის დონეს ორჯერაც კი აღემატება. რეინვესტირებული თანხა იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებმა მოგება კი არ გაიტანეს, არამედ დატოვეს ქართულ ეკონომიკაში, რაც მიუხედავად ნაციონალური ოპოფლანგის გაგრძელებული საპროტესტო გამოსვლებისა და დესტრუქციის მცდელობებისა, დღევანდელი სამთავრობო გუნდის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე და მთლიანობაში ქვეყნის მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე მიუთითებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ