21.09.2026 17:27
პოლონეთის ოპოზიციური პარტიის „კანონისა და სამართლიანობის" ლიდერის იაროსლავ კაჩინსკის თქმით, 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში, უკრაინას პოლონეთის ომში ჩათრევის მცდელობა ჰქონდა, „ერთიანი სახელმწიფოს" შექმნის გზით.
ამის შესახებ კაჩინსკიმ ქალაქ ავგუსტოვში გამართულ ახალგაზრდულ ყრილობაზე განაცხადა და მაგალითად მოიყვანა პოლონეთის სეიმში ვოლოდიმირ ზელენსკის 2022 წლის მარტის გამოსვლა.
თუმცა, მისი თქმით, ომის მსვლელობასთან ერთად, უკრაინამ ეს მიდგომა შეცვალა.
კაჩინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა პოლონეთისგან ხშირად ელოდა ისეთ ნაბიჯებს, რომლებზეც ვარშავა „სხვადასხვა მიზეზის გამო" ვერ დათანხმდებოდა.
„ხშირად წამოიჭრებოდა ხოლმე სხვადასხვა საკითხი იმასთან დაკავშირებით, გაგვეკეთებინა თუ არა ესა თუ ის. უკრაინელები ხანდახან ელოდნენ ისეთ რაღაცებს, რაზეც ჩვენ სხვადასხვა მიზეზის გამო - თუმცა მათზე აქ ვერ ვისაუბრებ - ვერ დავთანხმდებოდით. როგორც წესი, მაინც ვახერხებდით ისეთი გამოსავლის პოვნას, რაც პოლონეთ-უკრაინის კარგ ურთიერთობებს შეანარჩუნებდა", - განაცხადა კაჩინსკიმ.
იაროსლავ კაჩინსკის განმარტებით, მოგვიანებით მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, მაგრამ „პირდაპირ უნდა ითქვას, რომ უკრაინელებმა აზრი შეიცვალეს".
„მეჩვენება, რომ თავდაპირველად მათ ცოტა უცნაური იდეა ჰქონდათ - სურდათ, ამ ომში ჩავეთრიეთ, თუნდაც ერთიანი სახელმწიფოს შექმნის გზით. ზელენსკის გამოსვლა სეიმში სწორედ ამ მიმართულებით მიდიოდა", - განაცხადა პოლონეთის ოპოზიციური პარტიის „კანონისა და სამართლიანობის" ლიდერმა.
კაჩინსკის შეფასებით, რუსეთის შეჭრის საწყის ეტაპზე უკრაინამ, შესაძლოა, არასწორად შეაფასა პოლონეთის შესაძლებლობები.
„პოლონეთს, ძალიან მეომარი ქვეყანაც რომ ყოფილიყო, პრაქტიკულად არ ჰყავდა არანაირი რეალური შეიარაღებული ძალები. მას არ შეეძლო ომში ჩართვა. მეორე მხარეს ეს არ შეუმჩნევია - შესაძლოა, იმ „კარგი" რეპუტაციის გამო, რაც რუსებთან გვქონდა", - განაცხადა კაჩინსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის გათვლებში შესაძლოა, პოლონეთის ნატო-ში წევრობასაც ეთამაშა როლი.
„გარდა ამისა, საქმე ეხებოდა ნატო-ში შესვლასაც. მათ ალბათ, ეგონათ, რომ ასეთი მიზნების მიღწევა შესაძლებელი იყო, თუმცა ამაში დარწმუნებული არ ვარ - ეს ისტორიკოსებმა უნდა დაადგინონ", - დასძინა კაჩინსკიმ.
თუმცა, როგორც გამოცემა Hromadske წერს, 2022 წლის 11 მარტის სიტყვით გამოსვლაში ვოლოდიმირ ზელენსკის არ შეუთავაზებია ორი ქვეყნის გაერთიანება და არ მოუწოდებია პოლონეთისთვის ომში ჩართვისკენ. გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ ისაუბრა ხალხთა შორის „არაფორმალურ ალიანსზე" და თქვა, რომ ორ ერს შორის აღარ არსებობს საზღვრები - „ფიზიკური, ისტორიული თუ პირადული", რაც იყო მადლიერების გამოხატვა იმ უდიდესი მხარდაჭერისთვის, რაც პოლონეთმა ომის პირველ კვირებში გამოიჩინა. როგორც მედია წერს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა და პოლონეთი ერთად 90-მილიონიან ძალას წარმოადგენენ და შეუძლიათ, გახდნენ ევროპის უსაფრთხოების ლიდერები, თუმცა ეს იყო პარტნიორობის, სოლიდარობის მეტაფორა და არა პოლიტიკური გაერთიანების წინადადება.
ავტორ(ებ)ი :