20.10.2026 13:47
შავ ზღვაში რუსეთის თავდასხმების საპასუხოდ, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს ძალისხმევა სამ სფეროში: უკრაინის სოფლის მეურნეობის ექსპორტის უზრუნველყოფა, საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერება და რუსეთზე საერთაშორისო დიპლომატიური ზეწოლის გაზრდა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამართული პლენარული დებატების დროს განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი საკვებს იარაღად იყენებს. კალასმა ასევე აღნიშნა, რომ კლიმატური პირობები და კონფლიქტები სურსათის პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს.
„რუსეთი განზრახ იყენებს საკვებს იარაღად და ძირს უთხრის გლობალურ სურსათის უვნებლობას, განსაკუთრებით აფრიკაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. მარცვლეულის გლობალური ფასები ამჟამად ყველაზე მაღალ დონეზეა 2023 თებერვლის შემდეგ. თუმცა, გლობალური სურსათის სისტემა ახლა სუპერ ელ-ნინიოს, ორივე ნახევარსფეროში გვალვის და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის წინაშე დგას, რაც სასუქების ექსპორტს აფერხებს. ახლა სამი შემაფერხებელი წერტილია: ჰორმუზის სრუტე, ბაბ ელ-მანდების სრუტე და შავი ზღვა", - განაცხადა მან.
კალასმა გამოკვეთა ერთობლივი ევროპული რეაგირების სამი სფერო, რომელიც უკრაინის ექსპორტის მარშრუტებსა და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ემუქრება. მისივე თქმით, პირველი სფეროა უკრაინის გლობალურ ბაზრებზე წვდომის შენარჩუნება და სასურსათო უსაფრთხოების დაცვა.
„ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინა გლობალურ ბაზრებთან იყოს დაკავშირებული და სასურსათო უსაფრთხოება დაცული იყოს. ევროკავშირი-უკრაინის სოლიდარობის მარშრუტების ინიციატივა ხელს უწყობს ალტერნატიული მარშრუტების პოვნას და ივლისიდან მოყოლებული, მარცვლეულის ექსპორტი სოლიდარობის მარშრუტების მეშვეობით თითქმის 2 მილიონი ტონით გაიზარდა", - თქვა კალასმა.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ რუსეთი ამჟამად ასევე ესხმის თავს მოლდოვასთან, რუმინეთთან და პოლონეთთან უკრაინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს, რაც საფრთხეს უქმნის ალტერნატიულ ექსპორტის მარშრუტებს.
კალასის მეორე აქცენტი შავ ზღვასა და დუნაიზე უსაფრთხოების გაძლიერებაზე შეეხებოდა. მისივე თქმით, რუმინეთი და ბულგარეთი, ევროკავშირის მხარდაჭერით, ერთობლივად ქმნიან შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრს, რომელმაც კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს სიტუაციური ცნობიერება რეგიონში.
„ადრეული აღმოჩენა და რეალურ დროში ინფორმაციის გაზიარება მთავარია", - ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა.
კალასის თქმით, მესამე სფერო რუსეთზე საერთაშორისო დიპლომატიური ზეწოლის გაზრდაა.
„ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან - თურქეთთან, ინდოეთთან და სხვა ქვეყნებთან, მათ შორის აფრიკის ქვეყნებთან, რომელთათვისაც საკვები აუცილებელია, და უფრო ფართოდ გლობალური სამხრეთის ქვეყნებთან - შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა.