კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
საფრანგეთის შს მინისტრი – დღეს ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების დროს 1 000-მდე ადამიანია დაკავებული 24.10.2026 23:15

 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, დღეს საფრანგეთის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების დროს 1 000-მდე ადამიანი დააკავეს.

მისი თქმით, გასულ კვირას გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა რაოდენობა 385-ს შეადგენდა.

„პარიზში მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა, რომელმაც მშვიდობიანად ჩაიარა, ისევე როგორც საპროტესტო მსვლელობების უმეტესობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩამოყალიბდა მაღალი რისკის შემცველი რამდენიმე ჯგუფი, რომელიც შედგებოდა შენიღბული, ძირითადად შავებში ჩაცმული პირებისგან - რადიკალური მემარცხენე და ულტრამემარცხენე აქტივისტებისგან", - განაცხადა ნუნიესმა.

მისი თქმით, აღნიშნულ ჯგუფებს ხელი შეუშალეს, ჩაეტარებინათ უნებართვო მსვლელობები სხვადასხვა ადგილას ან ქალაქის ცენტრებისკენ გადასულიყვნენ.

„ზოგიერთ ქალაქში დაფიქსირდა ზიანი ან ბიზნესების გაძარცვის ფაქტები, თუმცა ასეთი შემთხვევები ძალიან მცირე რაოდენობით იყო. და გაცილებით ნაკლები, ვიდრე ერთი კვირის წინ გამართული აქციების დროს", - აღნიშნა ნუნიესმა.

ნუნიესის განცხადებით, ამჯერად არ ყოფილა მიზანმიმართული თავდასხმები ისეთ საჯარო დაწესებულებებზე, როგორიცაა მერიის შენობები და პოლიციის განყოფილებები - მსგავსი შემთხვევები გასულ შაბათს დაფიქსირდა. თუმცა, მისი თქმით, სამართალდამცველები „ძალადობის უკიდურესად მაღალ დონეს" წააწყდნენ. როგორც ნუნიესი აღნიშნავს, სამართალდამცველებს მუდმივად ესროდნენ სხვადასხვა საგნებს და უშენდნენ ფოიერვერკებს.

„პარიზში იმყოფებოდა არეულობის დაახლოებით 500-მდე მონაწილე, რომლებიც მტკიცედ იყვნენ განწყობილი შიდა უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმისა და ობიექტების გაძარცვისთვის", - განაცხადა ნუნიესმა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ძალები ადგილებზე გვიან ღამემდე დარჩებიან, რათა შესაძლო ძარცვის შემთხვევები აღკვეთონ.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ